logo
ENG



დუმბაძე: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობაზე უარი ზეწოლის შედეგად თქვეს

01 ოქტ 202314:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/01/79l6vuxi51zni60.jpg

მწერალთა სახლის დირექტორი, ქეთევან დუმბაძე გამომცემლებისა და მწერლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მათმა ნაწილმა ზეწოლის შედეგად თქვა უარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობაზე.

"ისევ ფრანკფურტის ბაზრობის, მწერალთა სახლის ფესტივალის ჩაშლაში დადანაშაულების უმწეო მცდელობასა და სიცრუეზე, - თითქოს მწერალთა სახლი მწერლობის წინააღმდეგ მოქმედებს. ამას არავინ დაგიჯერებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიცრუეა და ყველაფერი ხელის გულზე დევს. რაც შეეხება ლიტერატურულ პრემიას "მუზა", მისი წინასწარ დისკრედიტაციის მცდელობაც ფუჭია, რადგან 100 - ზე მეტი განაცხადია შემოსული", - წერს დუმბაძე.

დუმბაძის თქმით, მწერლები და გამომცემლები "საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", რადგან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი მწერლები და განცხადებაზე ხელმომწერები თავიანთ პროექტებზე მუშაობას აგრძელებენ.

"ამაოდ ცდილობთ შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. საბედნიეროდ, არსებობენ მწერლები და გამომცემლები, ლიტერატორები და, უბრალოდ, მკითხველები, რომლებიც სიხარულით თანამშრომლობენ მწერალთა სახლთან. თქვენ წარმოიდგინეთ, თავად ბოიკოტის განცხადებაზე ხელმომწერებიც კი აგრძელებენ მუშაობას თავიანთ პროექტებზე. ვინც არ ისურვა მწერალთა სახლთან თანამშრომლობა, მან თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ვიყოთ ბოლომდე გულახდილები და ხმამაღლა ვთქვათ ისიც, რომ მწერლების და გამომცემლების ნაწილმა, მავანთა ზეწოლის შედეგად, თქვა უარი ბაზრობაში მონაწილეობაზე.

4 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შუალედში და შემდეგაც დროც იყო და საშუალებაც, რომ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები და გაეფორმებინათ კონტრაქტი. 27 სექტემბერს მწერალთა სახლმა მიიღო წიგნის გამომცემელთა ასოციაციის გამგეობის (და არა მწერლებისა და ამ ორგანიზაციის წევრი სხვა გამომცემლების წერილი) ფრანკფურტის პროექტის მწერალთა სახლისთვის გადაბარების თაობაზე. არც ეს სვლა აღმოჩნდა რთული გასაშიფრი, რადგან ვისაც ოდესმე ფესტივალის ორგანიზებასთან თუნდაც გვერდზე ჩაუვლია, ზუსტად იცის, რომ 20 დღეში ამის უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს მწერალთა სახლი მხარეთა მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება, მთავრობის მიერ ფრანკფურტისთვის გამოყოფილი თანხა კი - გადარიცხვას. ჰოდა, სანამ წინასწარ დასკვნებს გააკეთებთ, აცალეთ მუშაობა იმ ხალხს, ვისაც პროექტის გადარჩენა უნდა", - აღნიშნა მან.

გამომცემლები და მწერლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მწერალთა სახლთან არ ითანამშრომლებენ. თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ გამომცემლობები სულაკაური, ინტელექტი, პალიტრა L და არტანუჯი.

მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პუბლიკამ გაავრცელაფორმულასთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთი დუმბაძემ არ უარყო.

წლევანდელი პროგრამით ბაზრობაში მონაწილეობას სამი ქართველი მწერალი, თამთა მელაშვილი, ეკა ქევანიშვილი და აბო იაშაღაშვილი დამოუკიდებლად მიიღებენ.

ბოიკოტის რეჟიმშია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც მწერალთა სახლთან ერთად პროექტის ორგანიზატორი იყო.

***

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს.

მისი ხელმძღვანელად დანიშვნას კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა - თავად მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.

აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.


close დახურვა