საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვა აღდგა. ჯერჯერობით მიმოსვლას მხოლოდ დღის ჩქაროსნული მატარებელი ახორციელებს. მგზავრებს მატარებელში ასვლამდე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაიმუშაონ.
გარდა ამისა, მგზავრები ვაგონებში პირბადეების გარეშე არ დაიშვებიან. ვაგონში მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. პირბადის მოხსნა მგზავრობის პერიოდშიც დაუშვებელია. მატარებლებში მუშაობს კონდინცირების სისტემაც.
„ფორმულასთან“ საუბარში „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მგზავრობის დღეს სახლშივე გაიზომონ ტემპერატურა.
„ყველას მივმართავ, შეეცადონ, მაქსიმალურად ონლაინ შეიძინონ ბილეთები. ვისაც არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა ან უნარებს ვერ ფლობს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვთხოვთ მოვიდნენ სალაროში. გარდა ამისა, მგზავრობის დღეს სახლშივე გაიზომონ ტემპერატურა, ვინაიდან მატარებელში შესვლამდე ყველა მგზავრს გაესინჯება სიცხე და თუ რომელიმეს აღმოაჩნდა ტემპერატურა, უარს ვეტყვით მგზავრობაზე. ტემპერატურის შემდეგ, მგზავრი გაივლის დეზობარიერს“, - აღნიშნა ცაგურიამ.
ჯერჯერობით მოძრაობა ხუთი მიმართულებითაა შესაძლებელი - თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ბათუმი.