logo
ENG



დღეს ახალ კალედონიაში საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ ბოლო რეფერენდუმი გაიმართა

12 დეკ 202114:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/12/56ztg8hbupn91li.jpg
france24.com

დღეს საფრანგეთის მიერ კონტროლირებულ ახალ კალედონიაში საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს

ეს ტერიტორიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მესამე და ბოლო რეფერენდუმია.

ადგილობრივებს ხმის მიცემა დღეს, დილის 7 საათიდან შეეძლოთ. საღამოს 5 საათის მონაცემებით კი ზრდასრული მოსახლეობის 41%-მა დააფიქსირა საკუთარი აზრი. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მეორე რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 80%-მა მიიღო.

საბოლოო შედეგების წინასწარმეტყველება რთულია, რადგან პირველ ორ რეფერენდუმში, 2018 და 2020 წლებში, დამოუკიდებლობაზე უარი 57% და 53%-მა განაცხადა.

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ რეფერენდუმის შედეგად გამოიკვეთება, რომ საფრანგეთის კონტროლირებად ტერიტორიად დარჩენის მსურველები კვლავ მეტნი არიან, დამოუკიდებლობის მოსურნეებმა, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

2000 კილომეტრის ფართობის ტერიტორია ავსტრალიის აღმოსავლეთით მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 270 000 ადამიანია. ახალი კალედონია საფრანგეთმა 1853 წელს დაიპყრო, 1946 წლიდან კი ის საფრანგეთის კონტროლირებულ გარე ტერიტორიად მიიჩნევა.

1998 წელს საფრანგეთსა და ახალ კალედონიას შორის ნუმეას შეთანხმება დაიდო. ეს იყო დაპირება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ მომდევნო 20-წლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ახალი კალედონიის ადგილობრივ მოსახლეობას, კანაკებს, მეტი პოლიტიკური ძალაუფლება მიეცემოდათ. ამ შეთანხმების ნაწილია საფრანგეთისგან დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმებიც, რომელსაც ქვეყნის მომავალი უნდა განესაზღვრა. შეთანხმება ჯამში 3 რეფერენდუმს მოიცავდა, მათგან უკანასკნელი დღეს ჩატარდა. 

ამომრჩევლებს სრული სუვერენულობის სასარგებლოდ ხმის მიცემის ბოლო შანსი აქვთ. რეფერენდუმი იმ ფონზე ჩატარდა, როცა პარიზსა და მის რეგიონულ მოკავშირეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა.


close დახურვა