უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, სამშაბათს დილით ოკუპანტების მიერ კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
კლიჩკოს თქმით, დაღუპულები ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის თანამშრომლები იყვნენ.
კიევის მერის თქმით, დღევანდელი თავდასხმის შედეგად ორი ობიექტი "ძლიერ დაზიანდა".
მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით კიევში მდებარე ორი კრიტიკულ ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს, კიევის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუწოდეს, დაზოგონ ელექტროენერგია და წყალი.
18 ოქტომბრის დილას რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცაღა დარტყმების ქვეშ საცხოვრებელი ობიექტები ხვდება.
17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რასაც მოჰყვა მსხვერპლიც.