logo
ENG



დღეს რესპუბლიკურის ექიმები პრემიერს ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით შეხვდებიან

24 თებ 202412:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/gj1t5he7op888wf.jpg

დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით შეხვდებიან.

რიგით მეორე შეხვედრა გუშინ დაიგეგმა, როდესაც მედიკოსები კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ კობახიძესა და მდინარაძეს კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტები გააცნეს. მამუკა მდინარაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".


close დახურვა