logo
ENG



ე.წ. გაჩუმების ფულის საქმეში ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

31 მაი 202401:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/8ziay62ij1ufsar.jpg

ნიუ-იორკის სასამართლოში დოკუმენტების ფალსიფიკაციის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 2016 წელს წინასაარჩევნოდ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დამალვას.

სასჯელის სახესა და ზომას მოსამართლე მერჩანი 11 ივლისს გამოაცხადებს. გამამტყუნებელი განაჩენი ტრამპს ხელს არ შეუშლის, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამავე დროს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ჩასვან. 

პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ მას დონალდ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობები 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ის უკვე მელანია ტრამპზე იყო დაქორწინებული. პროკურატურის თანახმად, ტრამპმა დუმილის სანაცვლოდ დენიელსს ფული გადაუხადა, თუმცა გადარიცხები იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. რეალურად კი, ეს თანხები დენიელსის დუმილისთვის ადვოკატ მაიკლ კოენის ხარჯებს ფარავდა. ამავე საქმის ფარგლებში კოენი 2018 წელს გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი ბრალის 34-ვე პუნქტში ცნეს დამნაშავედ. ვერდიქტის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს ორი დღე დასჭირდათ. 

ტრამპმა სასამართლო დარბაზი მალევე დატოვა და განაცხადა, რომ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება "სირცხვილია":

"ეს იყო სირცხვილი, ეს იყო გაყალბებული სასამართლო".

მანჰეტენის სასამართლო პროცესი ისტორიულია, რადგან ტრამპი გახდა პირველი ყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს. სასამართლო განხილვა თვე-ნახევარი გრძელდებოდა.

გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტისთვის ნაფიცი მსაჯულების ერთობლიობა იყო საჭირო.

ნიუ-იორკის საქმე ტრამპის წინააღმდეგ აღძრული ოთხი საქმიდან პირველია, რომლის განხილვაც დასრულდა და გადაწყვეტილებაც გამოტანილია. სავარაუდოდ, დარჩენილი სამი საქმის განხილვა შემოდგომამდე არ დაიწყება.

ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის გამარჯვებული. ივლისში პარტიის ყრილობაზე ის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა წარადგინონ.


close დახურვა