logo
ENG



ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების ინიციატივა, უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი ხდება

05 დეკ 201912:17
3 წუთის საკითხავი
 
cpyoasxqresalvm.jpg

 

ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების ინიციატივა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში დაპირისპირების მიზეზი ხდება. საინიციატივო ჯგუფი უკვე დარეგისტრირებულია, ახლა მაჟორიტარები ხალხში გასვლას და საზოგადოების დარწმუნებას გეგმავენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი ახალი ინიციატივას განმარტავს და აცხადებს, რომ აღნიშნული 2020 წლის არჩევნებს არ ეხება.

„ორპალატიანი სისტემა არის ე.წ. ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი. ეს გულისხმობს ზედა პალატის არსებობას მუნიციპალიტეტების მიხედვით, რაოდენობის შესაბამისად. ქვედა პალატაში კი იქნება რესპუბლიკური საბჭო, რომელიც იქნება იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც დღეს ირჩევიან მაჟორიტარები. აქ საუბარი არ არის 2020 წლის არჩევნებზე, ამაზე შეთანხმებული ვართ, რომ ჩატარდება როგორც არის განსაზღვრული კონსტიტუციაში. აქ საუბარია, ზოგადად ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც ისედაც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, თუმცა ეს აუცილებლად საჭიროებს ქართული საზოგადოების დასტურს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, იქნება თუ არა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში განხილული. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის ჯანსაღი პროცესი, მათ შორის "ქართული ოცნების" შიდა დემოკრატიის განვითარების კუთხითაც“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი პროცესის დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხთან გასაუბრებისა და მათი პოზიციის გაგების შემდეგ უნდა მიიღონ.

„გუშინ შევესწარი ცხარე კამათს უმრავლესობის ლიდერთან ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მესმის და ვეთანხმები ჩვენს დეპუტატებს იმ ნაწილში, რომ თავად პროცესი შეიძლება დაიწყოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება მას შემდეგ, რაც ინიციატივა გავა მოქალაქეებში და დავრწმუნდებით რამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება იყო ის“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

 


close დახურვა