logo
ENG



ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 3 ადამიანი დააკავეს, ერთს ბრალი წარედგინა

04 აპრ 202311:12
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი სამი ადამიანი დააკავა, ხოლო ერთ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიება ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით მიმდინარეობს.

"1989 წელს დაბადებული ზ.ბ. (მეტსახელად ზაკუნა) დაკავებულია "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად "ჩაქუჩიჩი") და 1995 წელს დაბადებული დ.გ. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

რაც შეეხება 1979 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.თ.-ს (მეტსახელად "ტაისონა"), მას "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ვერსიით, დავა დ.თ.-ს და ზ. ბ.-ს შორის ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ნიადაგზე წარმოიშვა, რის გამოც დ. თ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. ბ.-ს. უწყების განცხადებით, მან ე.წ. კანონიერ ქურდს მიხეილ ჩაფიჩაძეს (მეტსახელად მაჩვიჩი) მიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, ზ. ბ.-მ, ლ. ბ.-მ, დ. გ.-მ და მათმა თანმხლებმა პირებმა დ. თ.-ს საპასუხოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მოდავე მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის "ქურდული კანონების" თანახმად მოგვარების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფმა "კანონიერმა ქურდმა" - ჯეირან კინწურაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში მოაწყო "ქურდული გარჩევა" და მხარეების შერიგების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტზე ბრალ წარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში.

პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების "ქურდული წესებით" გადაწყვეტისთვის უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" და მათგან მითითებებს იღებდნენ", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს - დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა