გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" დღის ერთ-ერთი მთავარი თემა კორუფციის ინდექსი გახლდათ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, საქართველოს მდგომარეობა ამ მიმართულებით რომ გაუარესებულია, ეს გასაკვირი არ არის. არსებული პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის პარალელურად ის, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ვითარება არასახარბიელოა, ბუნებრივია.
"2012 წლიდან მოყოლებული ანტიკორუფციული მიმართულებით ტენდენცია თითქმის არ იცვლება, მცირედით იზრდება ან პირიქით. ეს იმიტომ, რომ მთავარია ავაშენოთ დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მთავარია პარლამენტმა ეფექტურად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, მედია იყოს თავისუფალი, არასამთავრობოებზე თავდასხმები არ იყოს და არსებობდეს დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც გამოიძიებს ელიტური კორუფციის საქმეებს. ესაა ანტიკორუფციული სამსახური, რასაც დიდი ხანია უკვე მოვითხოვთ, მაგრამ ამაოდ. ხელისუფლებას ამის გაკეთება არ სურს, რადგან რეფორმებს არ ატარებს",-აღნიშნავს გიგაური.