ევანგელისტურ ეკლესიაში სააღდგომო მსახურება ფეისბუკ-ლაივის საშუალებით შესრულდება. რიტუალს მხოლოდ პასტორი ჩაატარებს.
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო, მათთვის უჩვეულო ვითარება შეიქმნა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაცია მოუწიათ. ამასთან, ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია სახელმწიფოს განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ.
„დარბაზი ცარიელი იქნება, რაც ძალიან რთული აღსაქმელია ჩემთვის, არასოდეს ასე არ ვყოფილვართ, ყოველთვის გვიხარია, როცა ადამიანები მოდიან და გვისმენენ. როდესაც სამ კაცზე დადგა საკითხი, რომ მეტის შეკრება არ შეიძლება, ჩვენ ავუხსენით მრევლს, თუმცა ისინი უკვე მზად იყვნენ ამისათვის. სახელმწიფომ არაფერი არ ახსნა, თითქოს თვალი დახუჭა. ჩვენ დავემორჩილეთ და შევხედეთ, რომ სხვები, მაგალითად, მართლმადიდებელ ინსტიტუციაში ისევ იკრიბებოდნენ და ისევ მიმდინარეობდა ყველაფერი ძველებურად, გარკვეული პროტესტი გაგვიჩნდა, თავი უგულებელყოფილად ვიგრძენით“, - განაცხადა ევანგელისტური ეკლესიის ხელმძღვანელმა, პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა.