logo
ENG



ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 500-მილიარდიან პაკეტზე შეთანხმდა

10 აპრ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის პიკის შემდეგ მსოფლიო ქვეყნები ეკონომიკის გადარჩენას ცდილობენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დახმარების უპრეცედენტო პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც 500 მილიარდ ევროს მოიცავს.

ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ ოპეკის წევრებიც.

ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირებული უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. შტატში დაავადება თითქმის 160 000 დაუდგინდა, როდესაც ეს მონაცემები ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიასა და ესპანეთში 153 ათასს არ აღემატება. მეორე დღეა ნიუ-იორკში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ერთ დღეში რეგიონში კიდევ 799 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს ნიუ-იორკში უკვე მასობრივ სასაფლაოებზე კრძალავენ. კრიზისი შტატის გუბერნატორმა ყოველდღიურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ შეადარა 11 სექტემბრის ტერაქტებს.

შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 470 ათას, დაღუპულთა რიცხვი კი 17 ათასს უახლოვდება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის პიკს მიაღწია. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ოპეკის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა. წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მაისსა და ივნისში ნავთობის მოპოვებას დღეში 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

რეცესიის თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური დახმარების უპრეცედენტო პაკეტზე შეთანხმდნენ ევროკავშირში. წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალური მოლაპარაკებების დროს გეგმა დაამტკიცეს, რომელიც საერთო ჯამში 500-ს მილიარდ ევროს მოიცავს და პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თუმცა ბორის ჯონსონი გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე მედიკოსების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით შეზღუდვების შემსუბუქებასაც არ აპირებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში თითქმის 900 ადამიანი დაიღუპა.

ბრიტანეთში წუხელ მადლიერების რიგით მესამე საყოველთაო აქციაც გაიმართა. მოსახლეობამ ჯანდაცვის მუშაკებსა და ფრონტის ხაზზე მომუშავე პერსონალს მადლობა ტაშით მთლიანად ქვეყნის მასშტაბით გადაუხადა.


close დახურვა