ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და რუსეთს მოუწოდებს სტრასბურგის გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს.
როგორც ევროვაკშირის განცხადებაშია ნათქვამი, სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
"2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ. გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.
სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს ეს გადაწყვეტილება სათანადოდ შეასრულოს.
ევროკავშირი სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის მოსაგვარებლად, რასაც ევროკავშირი ასრულებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროკავშირის მონიტორინგის მისია.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 21 იანვარს გამოაცხადა. სასამართლოს დიდმა პალატამ თავი შეიკავა, შეეფასებინა 8-12 აგვისტოს განვითარებული მოვლენები იმ დასაბუთებით, რომ გაუჭირდა იურისდიქციის დადგენა. 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერიდან განვითარებულ მოვლენებზე კი განაცხადა, რომ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევაზე. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ასევე დაარღვია წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლებს.
რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა.
2021 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა "ეფექტური კონტროლი" განახორციელა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებზე, "ბუფერულ ზონაზე" 2008 წლის 12 აგვისტოდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც არის რუსეთის ჯარების ოფიციალურად გაყვანის თარიღი. ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენლობა იქ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლებების დამოკიდებულება რუსეთზე, მიუთითებს, რომ მისი "ეფექტური კონტროლი" ამ ორ რეგიონზე კვლავ გრძელდება.