ევროკავშირი საქართველოში საარჩევნო რეფორმის საკითხზე პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას დააკვირდება. განცხადება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შარლ მიშელი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მარტში მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისკენ მიმართულ რეფორმებს.
"ჩვენთვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს მეტი მეტისთვის. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას მეტი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმებს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის. მაგალითად საქართველოში ჩვენ მივესალმეთ ინტერპარტიულ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება. უახლოეს მომავალში ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ საკითხის გარშემო", - აღნიშნა მიშელიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს საქართველოში კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერისთვის.
"პროგრამა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოსთან მუშაობს, პირველ რიგში ვაჭრობის მოცულობის გაზრდას და ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს. ასევე ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. იმის შესაძლებლობის შესაქმნელად, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობის პატივისცემა, ინსტიტუტების მშენებლობისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერა. პროგრამაში, თავი მოვუყარეთ ძალიან მკაფიო მიზნებს, რომლებიც ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ძალზე მნიშვენელოვანია", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.