ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის შემოიღეს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის ფონზე. ისინი ამჟამად მოიცავს დარგობრივი ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის ფინანსებს, ენერგეტიკას, ტექნოლოგიებს, მრეწველობას, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვას", - აღნიშნულია ევროსაბჭოს ინფორმაციაში.
ევროსაბჭოს გვერდზე აღნიშნულია, რომ EU უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროსაბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინაღმდეგ და გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.