logo
ENG



ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი საერთო სტრატეგია დაამტკიცა

22 მარ 202209:19
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ომის პარალელურად, ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პირველი საერთო სტრატეგია დაამტკიცა. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა სახის კრიზისებზე რეაგირებისთვის ბლოკს სწრაფი რეაგირების ძალები ეყოლება. 

დოკუმენტს "სტრატეგიული კომპასი" ეწოდება და მასში ნათქვამია, რომ  ევროკავშირის სამხედრო დანაყოფი სრულად იქნება ქმედითუნარიანი 2025 წლისთვის.

ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლიდან ევროკავშირი ჩაატარებს ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას. 

"ეს ნაბიჯი აძლევს ევროკავშირს "აუცილებელ ინსტრუმენტს" რათა გახდეს ნამდვილი გეოპოლიტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების მოთამაშე ნატოსთან ერთად", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი Twitter-ზე.

ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ "სტრატეგიული კომპასის" მიზანია, ევროკავშირი გახდეს უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი უსაფრთხოების მიმწოდებელი:

"უფრო მტრული უსაფრთხოების გარემო ჩვენგან მოითხოვს, გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები და მზადყოფნა, რათა ვიმოქმედოთ, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებში. [...] 

სტრატეგიული კომპასის მიზანია ევროკავშირი გახდეს უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი უსაფრთხოების მიმწოდებელი. ევროკავშირს უნდა შეეძლოს დაიცვას თავისი მოქალაქეები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ომი დაბრუნდა ევროპაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიის, ისევე როგორც ძირითადი გეოპოლიტიკური ძვრების შემდეგ".

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ სწორედ ახლა არის დრო, შეიქმნას უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისთვის.

"საფრთხეები იზრდება და უმოქმედობის ფასი ნათელია. სტრატეგიული კომპასი არის მოქმედების სახელმძღვანელო. ის ადგენს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებას მომავალი ათწლეულისთვის. ის დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ უსაფრთხოების პასუხისმგებლობებს, ჩვენი მოქალაქეებისა და დანარჩენი მსოფლიოს წინაშე. თუ არა ახლა, მაშინ როდის?" - თქვა მან.


close დახურვა