ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და ამჟამად საერთაშორისო საკითხებში გიორგი გახარიას მრჩეველი ნატალია საბანაძე ამბობს, რომ საქართველო მეგობრებს კარგავს. ასე ეხმაურება ეს დიპლომატების მიყურადებას და მოსმენების გამო ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებას.
საბანაძემ ელჩის თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა, მიზეზად კი ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება დაასახელა.
საბანაძემ ფორმულას გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა, რომ ის კითხვას დასვამდა - რატომ შეიძლება უსმენდეს საქართველო მეგობარი ქვეყნის დიპლომატს და რისთვის უნდა ამის გამოყენება.
"მე დავსვამდი ასეთ კითხვას - რატომ შეიძლება უსმენდეს დღეს საქართველო მეგობარი ქვეყნის დიპლომატს და სტრატეგიულ პარტნიორს? ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი. ერთი შეიძლება უსმენდე იმიტომ, რომ არ ენდობი და გინდა, რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოიპოვო, რომელიც შენთვის არ არის განკუთვნილი და მერე რისთვის გინდა ამის გამოყენება. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირისთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ვაშინგტონსა და მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებში არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი, რატომ შეიძლება ეს ხდებოდეს", - თქვა საბანაძემ.
მისივე განცხადებით, ქვეყანა ზარალდება და საკმაოდ ცუდი მიმართულებით მიდის.
"ჩვენი ურთიერთობები ზარალდება და საკმაოდ ცუდი მიმართულებით მივდივართ, იმიტომ, რომ საქართველოსთვის გეოპოლიტიკური, სტრატეტეგიული, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს მეგობრებს. ჩვენ ვკარგავთ მეგობრებს. ყველაზე დიდი პრობლემა, ახლა მე რასაც ვხედავ, არის, რომ ახალი მეგობრები ვერ შევიძინეთ ამ წლების განმავლობაში და საოცარი სისწრაფით ვკარგავთ იმათ, ვისთანაც წლების განმავლობაში ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა იმისთვის, რომ ურთიერთობები დალაგებულიყო. ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა ამ ურთიერთობებში. ჩვენი საყრდენი დღეს ჩვენი პარტნიორებია და მათ მიმართ ასეთი ტიპის დამოკიდებულება გაუგებარი და ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა საბანაძემ.
საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს.
გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.
ფაილებში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან. მაგალითად, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. მასალის მიხედვით, გასული წლის მარტში კარლ ჰარცელი და მისი თანამშრომელი ლაპარაკობდნენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.
სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ფაილებში იძებნება რან გიდორისა და პროტოპრესვიტერის განხილვები, რომელიც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა.
გაშიფრულია საელჩოს თანამშრომლის საუბარი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან, რომელსაც აცნობა, რომ ელჩს მასთან შეხვედრა სურს.
გარდა ამისა, მოყვანილია აღნიშნული თანამშრომლისა და სავარაუდოდ ელჩის მძღოლის საუბარი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში შედგა.
ფაილში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფაილებიდან აშკარად ირკვევა, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენდა, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, საქართველოში დიპლომატების ფარული მიყურადება არ ხდება.
"ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ამ ე.წ. მოსმენებიდან ჩვენ ვერ გავიგეთ. არანაირი დიპლომატების მოსმენას საქართველოში არ ხორციელდება". - თქვა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.