logo
ENG



ევროკომისარი საგარეო საკითხებში: იმედია, ოცნების შეთავაზება კარს გაუხსნის კომპრომისს

07 დეკ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარება დახურულ კარს მიღმა განიხილეს. ევროკომისარმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ქართული პოლიტიკური ძალები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლების ხილვას უზრუნველყოფენ.

"ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. დროა ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიჩინონ ლიდერობა და უზრუნველყონ პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა. ვიმედოვნებთ, რომ ქართული ოცნების შეთავაზება გაუხსნის კარს კომპრომისს და საშუალებას მისცემს პარლამენტს, გააგრძელოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა და მოაგვაროს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები", - განაცხადა ბორელმა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. 

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალური შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პარლამენტის შეკრების დრო ახლოვდება, თუმცა მოლაპარაკებები რაიმე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

ოპოზიციის მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. ხელისუფლება ამ დრომდე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.

შეთავაზებაზე, რომლის დოკუმენტიც ფორმულამ მოიპოვა, ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

სწორედ ეს შეთავაზება განიხილეს მოლაპარაკების მესამე რაუნდზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა. 

შეხვედრის შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებზე მხარეების პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ზოგიერთ მთავარ საკითხზე ეს ვერ მოხერხდა.

შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება  არ განიხილავს. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა