logo
ENG



ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი წარადგინა

07 დეკ 202223:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/07/bdwuutvz7l45cqt.jpg

დღეს ევროკომისიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი წარადგინა - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ახალი პაკეტით ოკუპანტ ქვეყანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდიან.

"რუსეთი აგრძელებს სიკვდილის და ნგრევის მოტანას უკრაინისთვის. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და რუსეთს მისი სისასტიკეების ფასის გადახდას ვაიძულებთ. არსებული მე-8 პაკეტი უკვე მძიმეა, დღეს მე-9 პაკეტით კიდევ უფრო ვზრდით რუსეთზე ზეწოლას", - განაცხადა მან.

ახალ პაკეტში სანქციების სიაში 200-ზე მეტი პირის და 3 რუსული ბანკის, ამასთან, პოტენციური მესამე ქვეყნებიდან რუსეთს დრონებზე წვდომის შეწყვეტაა შეთავაზებული. ევროკომისიას, ასევე, სურს გაზარდოს ზეწოლა რუსულ პროპაგანდაზე - კერძოდ, მათი შეთავაზებაა, გაითიშოს კიდევ 4 არხი და დაწესდეს ზომები რუსული ენერგეტიკული და სამთო სექტორის წინააღმდეგ.

ამას უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება - მისი თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტს, რომელზეც უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა. მათ შორის გამოყოფს დამატებითი ბანკების სანქცირებასა და პროპაგანდისტული არხების შეზღუდვას.

კულებას განცხადებითვე, დღეს წერილი გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და რუსეთის სარაკეტო წარმოებაზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. ის აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესაძლებლობა სრულად უნდა ჩამოერთვას.


close დახურვა