ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.
პიტერ სტანოს განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სტანოს თქმით, ლუკაშენკოს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართალს, რადგან ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც ბელარუსის მეთაურმა და ამასთან ერთად, მისი ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელდა.
მან ევროკავშირის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
”ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.
ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - წერია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო იმყოფებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.