ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არსებული ხარვეზები, რომლითაც ეს არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურამდე უნდა გამოსწორდეს.
როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იზიარებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ "არსებობს სახიფათო რისკი, იმისა, რომ "საარჩევნო დარღვევები თანდათან მისაღები და გარდაუვალი გახდეს".
"ჩვენ ვეთანხმებით დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებას, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ეს ყველაფერი "გააფუჭა" მუდმივმა ბრალდებებმა დაშინების, შანტაჟის, ზეწოლისა და რესურსების არათანაბარი გადანაწილების შესახებ.
ჩვენ ვიზიარებთ ODIHR-ის შეშფოთებას პოლარიზებული მედია გარემოს, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსისა და კამპანიის ფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, კამპანიაში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ანგარიშებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის თაობაზე. ჩვენ ვეთანხმებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი, იმისა, რომ ეს თუ სხვა საარჩევნო დარღვევები თანდათან მისაღები გახდეს, როგორც გარდაუვალი.
ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს უფრო მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესს. დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი", - წერია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.