logo
ENG



ევროპარლამენტარები: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან

11 ნოე 202016:21
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/11/vcbopdskji3zx85.jpg

ლიეტუველი ევროპარლამენტარები - ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენჩი და სიგიზმუნდ პავილიონისი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მას შემდეგ შექმნილი ვითარება მათ შეშფოთებას იწვევს. 

ერთობლივ განცხადებაში ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ "საქართველოს მთავრობას მმართველ პარტიასთან ერთად აქვს პასუხისმგებლობა, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან, ქართული დემოკრატიისთვის". 

ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერები. 

დეპუტატების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და ამომრჩევლებს ჰქონდათ რეალური ალტერნატივა, საარჩევნო პროცესზე გავლენა მოახდინა ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა, ასევე იმან, რაც ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აღნიშნა - რომ წაშლილი იყო მიჯნა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის როგორც კამპანიის, ისე არჩევნების დღეს. ამან კი, საბოლოო ჯამში, შეამცირა საზოგადოების ნდობა. 

"ვითარება დამძიმდა ცნობებით, რომ როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უარი ეთქვათ საჩივრების სამართლიანად განხილვაზე. ყველა საჩივრის სამართლიანად და გამჭვირვალედ განხილვა კვლავ რჩება წინაპირობად, ჩამოყალიბდეს ნდობა და რწმენა ქართველ პოლიტიკოსებს და ხალხს შორის.

საქართველოს მთავრობას, მმართველ გუნდთან, ერთად აქვს პასუხისმგებლობა, უპასუხოს არსებულ პრობლემებს და მიაღწიოს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს სწრაფი გამოსავალი არსებული რთული ვითარებიდან, ქართული დემოკრატიისთვის. 

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესისკენ საარჩევნო დარღვევების გამოსწორების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნების პირველ ტურს (განსაკუთრებით ეუთო/ოდირს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას), შეაფასონ საჩივრები და დარღვევების მტკიცებულებები და წარადგინონ საბოლოო დასკვნები", - წერია განცხადებაში. 

ევროპარლამენტარები ასევე გამოთქვამენ რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ყველა ზომას დემოკრატიული პროცესის პირობებში, რათა განიხილოს საჩივრები და განიხილოს დარღვევების მტკიცებულებები, ასევე, იპოვოს გზა დიალოგისკენ მათთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

"ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ და კონსტრუქციული როლი შევასრულოთ ამ დიალოგში.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლიციის ძალის გამოყენებაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და არ გამოიწვიონ ძალადობის პროვოცირება ქუჩებში. 

სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მდგრადობა და ხელისუფლების ერთიანობა, რათა განახორციელოს ამბიციური ევროპული დღის წესრიგი. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო კონცენტრირდება ევროინტეგრაციაზე და ეყოლება პარლამენტი, რომელსაც ექნება ფართო ლეგიტიმაცია და გაუმკლავდება გამოწვევებს", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში. 


close დახურვა