logo
ENG



დღეს 11:00 საათზე პარტიები და სტუდენტები მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გეგმებზე ისაუბრებენ

09 მარ 202305:04
3 წუთის საკითხავი
 
დღეს 11:00 საათზე პარტიები და სტუდენტები მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გეგმებზე ისაუბრებენ
ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს 11:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგზე გაკეთდება ერთობლივი მოწოდება საერთო სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების შესახებ.

ამასთან, საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერდება პარტიებისა და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3-პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა