30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტარების თქმით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული "რუსული სტილის" კანონის მიღების პროცესში მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმების მცდელობა და ძალის გამოყენება ზღვარს გასცდა.
"ასეთმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში".
მიუთითებენ, რომ აღნიშნული ქმედებები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯს ეწინააღმდეგება და ამის იგნორირება აღარ შეიძლება.
"მოგიწოდებთ, დაიჭიროთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ქცევა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.
მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ უნდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე".
ევროპარლამეტარები აცხადებენ, რომ დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში მისწრაფებების მხარდასაჭერად და ახლაც ასე გრძელდება, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმები ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის იგივეა და ისინი დაცული უნდა იყოს.
განცხადების ავტორები რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი და კიდევ 28 ევროპარლამენტარია.