logo
ENG



ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ დაიწყებს

14 დეკ 202217:43
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ დაიწყებს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ დაიწყებს. ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა. 

"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზებას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია", - წერია სააკაშვილის წერილში. 

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დღეს გამოაცხადა. შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა, სადაც ის წერდა, რომ "იშიმშილებდა იქამდე, სანამ არ მიიღებდა მყარ გარანტიებს საკუთარ სასამართლო პროცესზე ვიდეო ლინკით მაინც ჩართვის".

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა - მიხეილ სააკაშვილს დღეს სხდომაზე დისტანციურად დასწრება სურდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა და თქვა, რომ უწყება ამ "შესაძლებლობას" მოკლებული იყო.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში სააკაშვილის დისტანციურად ჩასართავად ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე ჩასართავად მზად იყო.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.

 


close დახურვა