logo
ENG



ევროპარლამენტარი: საქართველო რეგიონში დემოკრატიის ლიდერია, მაგრამ ბოლო დროს უკუსვლაა

01 მარ 202121:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/ksxq5qvs8lysj0t.jpg

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა შეინიშნება, რაც ქვეყნის ევროპელ პარტნიორებს აშფოთებთ. ევროპარლამენტარის განცხადებით, ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება.

იუკნევიჩიენის თქმით, ბოლო დროს საქართველოში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და მათ შორის არჩევნების დროსაც, ხოლო ახლა დროა პოლიტიკურმა ძალებმა ქართველ ხალხზე იფიქრონ.

"ყველა იდეას, ყველა მცდელობას ვუჭერ მხარს, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მხარეებმა საუბარი დაიწყონ. ჩემი აზრით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება. ყველამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციაა, ვხედავთ რუსეთის ქმედებებს რეგიონში, მძიმე ვითარებაა ბელორუსში საქართველო კი ამ დროს რეგიონში დემოკრატიის ლიდერად რჩება. თუმცა ბოლო ხანს შეიმჩნევა ერთგვარი უკუსვლა, ეს ძალიან გვაშფოთებს. ჩვენი სურვილია ქართველი ხალხი სხვა დემოკრატიული ქვეყნების გვერდით იყოს და ეს ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს", - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის მედიაციით, შეხვედრა მიმდინარეობს. 

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებ, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 


close დახურვა