გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ევრონესტის თანათავმჯდომარე განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს და ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან წინსვლად აფასებს.
ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ქართულად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ანა ფოტიგა. ევროპარლამენტარი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ პროგრესს იმსახურებენ.
„ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, - წერს ევროპარლამენტარი.
ტვიტერის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს მარინა კალიულანდიც. ევროპარლამენტარი წერს, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება კეთილსინდისიერი ნაბიჯია დაძაბულობის განსამუხტად. ის მხარეებს 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად ერთობლივად მუშაობისკენ მოუწოდებს.
„მოუთმენლად ველი შემდგომ განხილვებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ“, - წერს კალიულანდი.