ევროპარლამენტში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებ საგანგებო დებატები გაიმართა, რომელზეც საგანგებოდ მოიწვიეს ევროკომისარი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი. დებატებზე ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ ნავალნიმ შეძლოს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება.
ლაგოდინსკის თქმით, ნავალნი ისჯება იმიტომ, რომ მას არ ეშინია და ბედავს გადარჩენისთვის ბროლას.
"ალექსეი ნავალნი ისჯება იმის გამო, რომ გამბედავია, იმის გამო, რომ ბედავს ბრძოლის გაგრძელებას და ბედავს გადარჩენას. დიდი ხანია აღარ გვინახავს ხალხი, რომელთაც შიშის გრძნობა არ აქვთ, რომლებიც მზად არიან ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ციხეში წავიდნენ და რომლებიც მზად არიან დემოკრატიის გამო სიკვდილისთვის. ალექსეი ნავალნი ერთ-ერთია. ის დაბრუნდა პოლიტიკური საქმიანობისთვის და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს შესაძლებელი იყოს. უნდა მოვუწოდოთ პუტინს, შექმნას თავისუფალი სივრცე მოახლოებული არჩევნებისთვის", - აცხადებს ლაგოდინსკი.
17 იანვარს გერმანიიდან რუსეთში ჩასული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს. პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. 18 იანვარს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნავალნი 2021 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
ამასთან 2020 წლის 21 დეკემბერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება. ნავალნის თქმით, კონსტანტინ კუდრიავცევი არის სამხედრო ქიმიკოსი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. როგორც ნავალნი ვიდეოში ყვება, კუდრიავცევი სწორედ ის პირია, რომელსაც მისი ტანსაცმლიდან კვალის დაფარვა დაავალეს.