გერმანიიდან რუსეთში ჩასული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. თავდაპირველად ის აეროპორტიდან პოლიციამ გაიყვანა, დაკავების შესახებ ინფორმაცია კი ოფიციალურმა უწყებამ გაავრცელა.
"2020 წლის 29 დეკემბრიდან ალექსეი ნავალნი ძებნაში იმყოფებოდა, რადგან პირობითი მსჯავრი არა ერთხელ ჰქონდა დარღვეული. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ის პატიმრობაში იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. ნავალნი დაკავებამდე ცოლს დაემშვიდობა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა. მისი თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მიმართულება შეიცვალა.
რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსი 5 თვის განმავლობაში გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო. ის კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
რაც შეეხება ნავალნის მოწამვლის ფაქტს: გასული წლის 14 დეკემბერს პოლიტიკოსმა, იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც, მისი ინფორმაციით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა. ნავალნიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩატარებულ გამოძიებაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც ვიდეოში ნავალნი ჰყვებოდა, ყველა ის პირი, რომელიც მისი მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) თანამშრომელი (კრიმინალისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქიმიკოსი, ექიმი) ან მასთან კავშირში მყოფია.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება.