logo
ENG



ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები: ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ-გრატად მივიჩნევთ

17 აგვ 202017:55
3 წუთის საკითხავი
clock 581
tqrvn0kp0vlvz5d.jpg

ევროპარლამენტის რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, რომ ევროკავშირში ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ.

განცხადებას ხელს აწერებ პოლიტიკური ლიდერები, ევროდეპუტატები ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), სოციალ-დემოკრატებიდან (S&D), განაახლე ევროპიდან (Renew Europe), მწვანეებიდან (Greens/EFA), ევროპელი კონსერვატორებიდან და რეფორმატორებიდან (ECR).

ისინი უერთდებიან დემონსტრანტების მოთხოვნას ბელარუსში ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, ასევე, გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და მათ წამებას.

"ჩვენ მივესალმებით ბელარუსი ხალხის სიმამაცეს და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ მისწრაფებებს დემოკრატიული ცვლილებისკენ. ჩვენ არ ვაღიარებთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ახლადარჩეულ პრეზიდენტად და მივიჩნევთ მას პერსონა ნონ-გრატად ევროკავშირში. ასევე, ვუერთდებით ბელარუს ხალხს ახალი და თავისუფალი არჩევნების გამართვის მოთხოვნაში. ვგმობთ დაკავებებსა და ძალადობის აქტებს. მოვუწოდებთ ბელარუსს, სრულყოფილად გამოიძიოს დანაშაულები და დაისაჯოს დამნაშავეები. ამ მხრივ, შევახსენებთ ალექსანდრე ლუკაშენკოს მის პასუხისმგებლობას", - წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე გმობენ ინტერნეტსა და მედიაზე წვდომის ჩახშობას, გზების ჩაკეტვასა და ჟურნალისტთა დაშინებას.

დღესვე, 17 აგვისტოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბელარუსის კრიზისზე საგანგებო შეხვედრა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

"მოვუწოდებ ევროპული საბჭოს წევრებს, რომ ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე 19 აგვისტოს, 12 საათზე ვისმჯელოთ. ბელარუს ხალხს უფლება აქვს, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და თავისუფლად აირჩიოს თავისი ლიდერი. დემონსტრანტებზე ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მათ ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ევროკავშირი აპირებს შეიმუშავოს "შავი სია", ვის მიმართაც იქნება მიმართული სანქციები.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

არაოფიციალური ეგზიტპოლის მონაცემებით, პირველ ადგილს სწორედ სვეტლანა ტიხანოვსკაია იკავებს 72,1%-ით, ხოლო ალექსანდრე ლუკაშენკოს 13,7% აქვს.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა