ევროპარლამენტის სახაროვის პრიზის 2021 წლის ლაურეატი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გახდა. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს.
პრიზი პატიმრობაში მყოფი ნავალნის ნაცვლად მის შვილს, დარია ნავალნაიას დღეს, 15 დეკემბერს, სტრასბურგში გადასცეს.
ალექსეი ნავალნი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთის მთავარი ოპოზიციური ლიდერია და კორუფციისა და კრემლის მხრიდან ადამიანის უფლებათა შელახვის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი. ნავალნი ახლა პატიმრობაშია და სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის.
ჯილდოს მიღებისას ნავალნის შვილმა პრაგმატულობის მიზეზით დიქტატორების დაწყნარების პოლიტიკის მომხრეები გააკრიტიკა და ევროპას მოუწოდა, უერთგულოს მის იდეალებს:
„როცა მამაჩემს მივწერე და ვკითხე, რა გინდა რომ ვთქვა გამოსვლისას შენი პოზიციიდან? მან მიპასუხა: თქვი, რომ არავინ გაბედოს რუსეთის პუტინის რეჟიმთან გაიგივება. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, გავხდეთ მისი ნაწილი. მაგრამ ასევე გვინდა რომ ევროპაც, თავის მხრივ, ისწრაფოდეს იმ შესანიშნავი იდეებისკენ, რაც მას საფუძვლად უდევს. ჩვენ ვესწრაფვით იდეების ევროპას, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და მთლიანობის დიდებას“, - განაცხადა დარია ნავალნაიამ პრიზის მიღების შემდეგ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ კი ნავალნის წარსადგენ სიტყვაში მისი სიმამაცე შეაქო.
„ის დააშინეს, აწამეს, დააპატიმრეს, თავისუფლება შეუზღუდეს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი გაჩუმება... როგორც მან თავად ერთხელ თქვა, კორუფცია იქ ყვავის, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ და მე მჯერა რომ ის მართალია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე ადამიანის უნივერსალური უფლებებისთვის ბრძოლაცაა. ეს ნამდვილად არის ბრძოლა ადამიანის ღირსებისთვის, კარგი ხელისუფლებისა და სამართლიანობის კანონის უზენაესობა", - განაცხადა დევიდ სასოლიმ
სტრასბურგში გამართულ ცერემონიას ასევე ესწრებოდა ნავალნის პოლიტიკური მრჩეველი - ლეონიდ ვოლკოვი და მისი პრესსამსახური - კირა იარმიში.
სახაროვის პრიზს ევროპარლამენტი ყოველწლიურად გამოხატვის თავისუფლებისთვის გასცემს. პრიზი 1988 წელს დაწესდა, როგორც პატივისცემის სიმბოლო იმ ინდივიდებისა და ორგანიზაციების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს იცავს. პრიზი, რომელიც სერტიფიკატსა და 50 000 ევროს რაოდენობის ფულად ჯილდოს მოიცავს, საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს.
2020 წელს ეს პრიზი ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციას გადაეცა.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის სახაროვის პრიზის მფლობელი ევროპარლამენტის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გახდა. ნავალნიმ საერთაშორისო ყურადღება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ დემონსტრაციების ორგანიზების შემდეგ მიიპყრო.
აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი ის მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა. მან 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.
ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვარში რეზოლუცია შეადგინეს, რითაც ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. ამის გარდა რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდასაც ითვალისწინებდა. ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა 2021 წლის აპრილშიც გაიმეორა.