logo
ENG



ევროპარლამენტის უმწვავეს წერილში ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოპოზიციის კვალს ხედავს

06 მარ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის უმწვავეს წერილში ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოპოზიციის კვალს ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკულ გაფრთხილებას ხელს 26 ევროდეპუტატი აწერს და მათ შორის „ქართული ოცნების“ მოკავშირეებიც არიან.

მმართველ გუნდს არ სურს პასუხის გაცემა პოლიტპატიმრებისა თუ საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო შეშფოთებული პარტნიორების ღია წერილზე. ამ კრიტიკაზე თავის ასარიდებლად კი ხელისუფლების საპარლამენტო დელეგაცია, „ფორმულას“ ინფორმაციით, 12 მარტს ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრის გადადებაზე აქტიურად მუშაობს.  

კახა კუჭავამ „ფორმულას“ შეკითხვებს სესიის დასრულების შემდეგაც არ უპასუხა. არადა „ქართული ოცნების“ საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკა სწორედ მას აბარია. თემა, რომელზეც საუბარს პარტიის თითქმის ყველა წევრი გაურბის - ევროპარლამენტარების წერილია. მას ხელს 26 ევროპარლამენტარი აწერს. ხელმომწერებს შორის სოციალ-დემოკრატებიც არიან - „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიიდან. უმწვავესი წერილი ადრესატმა უკვე მიიღო, თუმცა პრემიერის ადმინისტრაცია ამ შემთხვევაშიც დუმს. ვიცე-პრემიერი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი არ უნახავს. ის კი ვინც შინაარსს იცნობს, ხელს ოპოზიციისკენ იშვერს, ის ვინც უშუალოდ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობს, „ფორმულასთან“ კომენტარს არ აკეთებს. პოლიტიკური დებატები ევროპარლამენტში 10 მარტს არის ჩანიშნული, რასაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა მოჰყვება. „ოცნება“ ახლა ევროპარლამენტარებთან მუშაობს იმისთვის, რომ პროცედურა გადაიდოს. ეს ფაქტი ოპოზიციას აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ მმართველ გუნდს რეზოლუციის ეშინია, რადგან დოკუმენტი ძალიან მწვავეა. 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ერთხელ უკვე ჩააგდო. მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარების კრიტიკულ შესწორებებს მხარი არ დაუჭირა. ექსპერტები ამბობენ, რომ „ოცნების“ არაადექვატური ქმედებები ქვეყანასაც ძვირად დაუჯდება

„ოცნების“ მცდელობის მიუხედავად პოლიტიკური დებატებიც და კენჭისყრის პროცედურა ევროპარლამენტის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. თუმცა საქართველოში სვენ მიქსერის ვიზიტი გადაიდო. ევროპარლამენტარს საქართველოში არსებული ვითარება უნდა შეესწავლა, თუმცა ევროპარლამენტმა კორონავირუსის გავრცელების გამო ვიზიტები გააუქმა. 

 


close დახურვა