ევროპარლამენტმა EU-ში სომხეთის შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. 13 მარტს ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს, სომხეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხი განიხილოს.
რეზოლუციას მხარი 504-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 4, ხოლო 32-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა და მას ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, რითაც ევროკავშირს შესთავაზეს, სომხეთისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა განიხილოს.
"თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობის ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი", - ნათქვამია ერთობლივ რეზოლუციაში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი EU-ის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდებს, სომხეთს გაფართოების თანამშრომლობაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სექტორული ინტეგრაციების სფეროებში დაუჭიროს მხარი.
გასულ კვირას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს და რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.