logo
ENG



ევროპარლამენტმა კარა-მურზას, ნავალნის დევნაზე პასუხისმგებლების სანქცირებას მხარი დაუჭირა

20 აპრ 202319:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/20/335xl9wl9acrjye.jpg

მაგნიტსკის აქტის ავტორის ბილ ბრაუდერის ცნობით, ევროპარლამენტმა რეზოლუციით მხარი დაუჭირა მაგნიტსკის ევროკავშირის სანქციების მიღებას იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ვლადიმერ კარა-მურზასა და ალექსეი ნავალნის პოლიტიკურ დევნაზე.

მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროპულ საბჭოს მოუწოდებენ, ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებათა სასანქციო რეჟიმის ფარგლებში მიიღონ მძიმე სანქციები იმ რუსი მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ვინც ჩართულია პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში, დაკავებებსა და წამებაში.

ევროპარლამენტის ცნობით, 508 ევროდეპუტატმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 14-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, 31-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის ადამიანები, ვინც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იშინის, ალექსეი გორინოვის და სხვების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში.

ჯამში რეზოლუციაში ჩამოთვლილია 26 ადამიანი, მათგან 15 მოსამართლე.

„მოვუწოდებთ საბჭოს, მიიღოს შემზღუდველი ზომები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იშინის, ალექსეი გორინოვის და სხვების მიკერძოებულ დაკავებებსა და დაპატიმრებაზე, მათ შორის არიან: მოსამართლეები - სერგეი პოდოპრიგოროვი, ელენა ლენსკაია, დიანა მიშჩენკო, ილია კოზლოვი, ანდრეი სედუშევი, ოლესია მენდელეევა, ოქსანა გორიუნპვა, მარგარიტა კოროვა, მარია დოვჟენკო, მარია ლარკინა, ილნარ ბასიროვი, ნატალია ვლასენკო, იგორ ჩაპლიგინი, ეკატერინა პიროჟოვკა, ალექსანდრ კოლიშნიცინი,

პროკურორები და მათი მხარდამჭერი ადამიანები, მათ შორის: ოლეგ ალიპოვი, ვერა ჩერვონოვა, სვეტლანა ჟურავლევა, ბორის ლოკტიონოვი, ანატოლი რაზინკინი, ნაძეჟდა ტიხონოვა, დანილა მიხეევი და სერგეი ბელოვი.

საგამოძიებო კომიტეტის წევრები: ანდრეი ზადაჩინი, ხამოვნიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ სმირნოვი და ასევე სასჯელაღსრულების კოლონიის ცენტრის SIZO-5-ის ხელმძღვანელი დმიტრი კომნოვი” - წერია განცხადებაში.

რეზოლუციით დეპუტატები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, იმუშაონ კარა-მურზას გათავისუფლებაზე, ახლოდან დააკვირდნენ რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას, პოლიტიკური ოპონენტებისადმი დევნასა და ციხეში მათ პირობებს და ასევე გადასცენ ჰუმანიტარული ვიზები და აღმოუჩინონ სხვა ტიპის მხარდაჭერა რუს დისიდენტებს, ვისაც საფრთხე ემუქრებათ.

„რუს-ბრიტანელი ჟურნალისტის ვლადიმირ კარა-მურზას დაპატიმრებისა და 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკის გამო, ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელს და მის მყისიერ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი იმავეს ითხოვენ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის და სახაროვის 2021 წლის პრიზის ლაურეატის ალექსეი ნავალნის შემთხვევაშიც, ვინც რჩება სასჯელაღსრულების კოლონიაში, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრები რუსეთში“ - წერია განცხადებაში.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

 

close დახურვა