logo
ENG



ევროპაში ქვეყნები ლოქდაუნებს ასრულებენ

28 აპრ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

თავისუფლება ახალ რეგულაციებთან ერთად - ევროპის ქვეყნები მკაცრი ზომების გაუქმების ეტაპზე გადადიან.

1 მაისიდან ლოქდაუნს ასრულებენ პორტუგალია და ავსტრია, ყველაზე მეტად დაზარალებული ესპანეთი და იტალია კი, შეზღუდვების შემსუბუქების სანაცვლოდ, მოქალაქეებს ახალ წესებს უდგენენ.

დღეს ბრიტანეთში პანდემიის დროს დაღუპულ ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს მიაგეს პატივი.

ლონდონის დროით დილის 11 საათზე გაერთიანებული სამეფო ერთი წუთით გაჩერდა. ჯანდაცვის სფეროს 100-ზე მეტ თანამშრომელს, რომლებმაც სიცოცხლე კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს, მოსახლეობამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. აქციას საკუთარი რეზიდენციიდან ახლადგამოჯანმრთელებული ბორის ჯონსონიც შეუერთდა. პრემიერის გვერდით კაბინეტის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს ლოქდაუნიდან გამოსვლის გეგმას აცნობს. მთავრობას სურს, რომ  მკაცრი ზომების შემსუბუქება ქვეყანაში 11 მაისიდან, საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების გახსნით დაიწყოს. პრემიერის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის შემოღებით საფრანგეთში ერთ თვეში 62 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დეპუტატები გეგმას კენჭს უყრიან. 

მომავალ სამოქმედო გეგმას ათანხმებს ესპანეთის მთავრობაც. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი 350-ს არ სცდება, მინისტრთა კაბინეტის წევრები მკაცრი ზომების შემსუბუქების ახალ გზებზე მსჯელობენ. გადაწყვეტილებას პრემიერი სანჩესი მედიას დღის ბოლოს გააცნობს. კარანტინის ვადა 4 მაისს იწურება საბერძნეთში, რის შემდეგაც ქვეყანაში ზომების ეტაპობრივად გაუქმება დაიწყება. ლოქდაუნს პირველი მაისიდან ასრულებენ პორტუგალია და ავსტრიაც, სადაც 10-კაციან შეკრებებს დაუშვებენ. 29 მაისიდან ავსტრიაში სასტუმროებიც გაიხსნება.

ვითარების შედარებით გაუარესებაზე საუბრობს გერმანიის ხელისუფლება. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში ერთი ინფიცირებული კიდევ ერთ პირს აავადებს, თუმცა ჯანდაცვის სისტემის მზაობის თვალსაზრისით გერმანიაში პრობლემები არ აქვთ.

კარანტინის პირობებში აღნიშნეს ყოველწლიური მემორიალური დღე ისრაელში. ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას სასაფლაოებზე შესვლა აუკრძალა. სანაცვლოდ, ომსა და თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად იერუსალიმში ორი წუთის განმავლობაში სირენების ხმა ისმოდა. 


close დახურვა