logo
ENG



ევროპაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

24 მაი 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 345 ათასს უახლოვდება. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების ახალი 100 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. პარალელურად, იზრდება ხელისუფლებების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების დონეც. საპროტესტო აქციები ერთდროულად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. 

ქარავანი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის - ასე უწოდეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ესპანეთში. ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას მადრიდში ათასობით ადამიანი შეუერთდა. იმისთვის, რომ მომიტინგეებს სოციალური დისტანცირების წესები არ დაერღვიათ, ისინი ქუჩებში ავტომობილებითა და მოტოციკლებით გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა ესპანეთის მთავრობა მთელ მსოფლიოში კორონავირუსის კრიზისის ყველაზე ცუდ მართვაში დაადანაშაულეს და პრემიერის გადადგომა მოითხოვეს. 

მასშტაბური საპროტესტო აქცია მადრიდში პრემიერის საგანგებო პრეს-კონფერენციას დაემთხვა. პედრო სანჩესმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოაცხადა. 8 ივნისიდან ესპანეთში ლა-ლიგის საფეხბურთო მატჩები განახლდება, ივლისიდან კი ქვეყნის საზღვრები საერთაშორისო ტურიზმისთვის გაიხსნება. 

ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს მთავრობას გერმანიის მოსახლეობის ნაწილიც. შეზღუდვების სრულად გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ფრანკფურტში გაიმართა. დემონსტრანტები ევროპის ცენტრალური ბანკის შენობასთან შეიკრიბნენ. სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე მომიტინგეც დააკავეს. 

ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ იტალიელებიც. საპროტესტო აქცია იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაიმარტა. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკური ზრდა წელს, სულ მცირე, 8 პროცენტით შემცირდება. 


close დახურვა