logo
ENG



ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ხსნიან და ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

21 მაი 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

 

იტალია სამი ივნისიდან ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან საზღვრებს გახსნის.  განცხადება ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჯუზეპე კონტემ მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად სოციალური დისტანცირების წესებს დაემორჩილონ. 

რომიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე სანაპიროს ახალი რეგულაციების თანახმად აწყობენ. პლაჟი დამსვენებლების  29 მაისიდან მიიღებს, თუმცა ინფიცირების მაღალი რისკიდან გამომდინარე ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შეიზღუდა. მომუშავე პერსონალი ქოლგებს შორის 5 მეტრიან დისტანციას იცავს, რის გამოც სანაპიროზე 400-ის ნაცვლად 250 ქოლგა განთავსდება. მოქალაქეები პლაჟზე ვერც სპორტულ აქტივობას შეძლებენ, აღარ გაიმართება ღამის ტრადიციული წვეულებებიც.  

ტურისტული სეზონისთვის ემზადება ავსტრიაც. ზაფხულში ავსტრიაში დასვენებას უსაფრთხო ქვეყნებიდან ჩასული ვიზიტორები შეძლებენ. ხელისუფლება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სასტუმროების პერსონალის რეგულარულ ტესტირებასაც უზრუნველყოფს. 

საბერძნეთის მსგავსად, დამსვენებლებს ივლისიდან ელოდებიან ესპანეთშიც. ქვეყანაში დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ყველგან, სადაც სოციალური დისტანციის წესების დაცვა ვერ ხერხდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადე 6 წელს ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს უნდა ეკეთოს. 

მკაცრი ზომების შემსუბუქების პარალელურად, უსაფრთხოების ახალ წესებზე მუშაობენ ავიაკომპანიებიც. რეისების განახლების შესახებ ირლანდიურმა რაინეარმა და ბრიტანულმა იზიჯეტმა განაცხადეს, თუმცა ორივე ავიაკომპანიის ახალი რეგულაციების თანახმად, მგზავრებიც და ეკიპაჟის წევრებიც ვალდებული იქნებიან, ფრენის დროს პირბადე ეკეთოთ.  


close დახურვა