logo
ENG



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

01 მარ 202109:25
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება. 

ერთობლივ განცხადებას ისინი 10:00 საათზე გააკეთებენ. 

ის საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირში საქართველოს ელჩი დახვდნენ. 

შარლ მიშელი დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. 

შარლ მიშელი ჩავა საოკუპაციო ხაზთანაც. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

ოპოზიციური პარტიები გეგმავენ, მიშელთან ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრონ. მათ შორის მთავარი იქნება ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროს ჩამოდის. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლაზე უკვე რამდენიმე თვეა, უარს ამბობს, ხელისუფლება კი პოზიციებს არ თმობს და ოპოზიციის პირობების შესრულებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე უარს ამბობს. გირაოს გადაუხდელობის საბაბით დააკავეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია - პოლიცია პარტიის ოფისში შტურმით შევიდა. 

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ნიკა მელიას დაკავებას აღმაშფოთებელი უწოდეს და შეაფასეს, როგორც უკუსვლა დემოკრატიულ გზაზე. 

23 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების დღეს ევროპარლამენტარებმა შარლ მიშელს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გამოიყენოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის აღდგენისა და კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშესაწყობად. 


close დახურვა