logo
ENG



ევროპული საქართველო: ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დაუყოვნებლივ დაკავებას

24 იან 202223:44
3 წუთის საკითხავი
 
ევროპული საქართველო: ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დაუყოვნებლივ დაკავებას

ევროპული საქართველო იმ პოლიციელის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქეს სცემს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კადრები სისხლის სამართლის დანაშაულს ასახავს.

"მედია ავრცელებს შემაძრწუნებელ კადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები მეტროსადგურში მათ მიერვე დაკავებულ, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, ჯერ ესკალატორზე მიაცილებენ, შემდეგ სამუშაო ოთახში შეჰყავთ და სცემენ.

ევროპული საქართველო მოძალადეების დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს - გავრცელებული კადრები უტყუარად ასახავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მზარდი ავტორიტარიზმის, მორყეული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული სამართალდამცველი სისტემის პირობებში, ძალადობა ნორმად იქცა და მისი მსხვერპლი, პირველ რიგში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ხდებიან.

თუ ასე გაგრძელდა, ამ კლიმატში, ძალადობის კიდევ უფრო მახინჯი ფორმები დაიბადება.

ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქმეზე მოკვლევა დაიწყეს. 

მომხდარზე გამოძიება პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.


close დახურვა