logo
ENG



ეზუგბაია: 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, მათი პასუხები დილით იქნება

22 მარ 202019:50
3 წუთის საკითხავი
 
021m1rcsynf19ra.png

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მესამე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 32 პაციენტი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მცირეწლოვან პაციენტს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

ასევევ ეზუგბაიას განცხადებით, საღამოს კორონავირუსზე 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მათი პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

სამი პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს, ამ პაციენტებთან მდგომარეობა არ შეცვლილა, ამ ეტაპზე გვყავს სამი მძიმე პაციენტი, ორი ქალბატონი შედარებით ასაკოვანია. ერთს აქვს თანარსებული დაავადება, მეორეს - მძიმე ნერვოლოგიური დაავადება, რის გამოც ეს ორი პაციენტი პროგნოზულად მძიმე პაციენტებად მოიაზრება. გარდა ამისა,  კიდევ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელიც გუშინ შეგვემატა, ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა. ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია გვექნება, პროგნოზი ამ პაციენტთანაც სერიოზული შეიძლება იყოს. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არანაირი გართულებების რისკი ამ წუთში არ მოიაზრება. დღეს დილას 8 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და რვასთანვე უარყოფითი პასუხი გვაქვს, საღამოს 6 პაციენტს ავუღეთ ტესტი, პასუხები დილისთვის იქნება ცნობილი, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 3 სრულად გამოჯანმრთელდა და გაწერილია ბინაზე.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა