„დადასტურებული 6 ახალი შემთხვევებიდან არცერთი არ არის შიდა გავრცელება, ყველა წყარო ცნობილია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 3 შემთხვევა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, 3 კი, თბილისში.
„დღეს დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა, შესაბამისად, ჯამში გვაქვს 214. ახალი 6 შემთხვევიდან 3 არის იმერეთის რეგიონის, ქუთაისში არიან გადაყვანილი და 3 თბილისის. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება როგორც ჩემთვის არის ცნობილი. წყარო არის ცნობილი.
ამ დროისთვის 33 პაციენტი გვყავს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, 2 ამათგან არის უფრო მძიმე, მიუხედავად მკურნალობისა დაავადება პროგრესირებს მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება. დანარჩენი 5 პაციენტი ფასდება როგორც მძიმე შემთხვევა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 214 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 408 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.
ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.