თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 85 შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტი მკურნალობს. როგორც ეზუგბაია აცხადებს, 33-დან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში, 1 პაციენტი მიიყვანეს. მისი თქმით, პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და ის კვლევის პროცესშია.
„დღეს დილის მონაცემებით უკვე დადასტურებული შემთხვევა არის 85, აქედან 46 მოდის ჩვენს ცენტრში, დანარჩენი 39 არის კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. ჩვენ შემოგვემატა 1 ახალი პაციენტი. გამოჯანმრთელებულია ჩვენთან 13. ამ ეტაპზე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. ამ 33-დან 4 არის მძიმე პაციენტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, დინამიკაში განვიხილავთ. კარგი არის ის, რომ 2 პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზებულია და პროგნოზირება შეიძლება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება, მაგრამ ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და კრიტიკულია. ერთი გვყავდა ასაკოვანი პაციენტი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელად მძიმეა და რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგოიმარეობაც დამძიმდა, მას უტარდება ადეკვატური მკურნალობა და პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის მეთვალყურეობის შემდეგ. ახალი პაციენტი დადასტურდა გუშინ და ის კვლევის პროცესშია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქარველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 85 შემთხვევა ფიქსირდება აქედან 14 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.