ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კლინიკაში სასულიერო პირს ჩაუტარდა კორონავირუსზე ანალიზი და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 3 მძიმე პაციენტი იმყოფება.
„გუშინ დილის მონაცემებით 266 პაციენტი იყო, 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 68 გაჯანმრთელებულია. 296-დან 84 პაციენტი ჩვენია, გამოჯანმრთელებული აქედან 45-ია. თუ შევაჯამებთ, ამ ეტაპზე 228 პაციენტი მკურნალობს. ძალიან მძიმე პნევმონიით 3 ინფიცირებულია.
"ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში 6 პაციენტი დაგვემატა. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი - ერთი მოზრდილია და ოთხი მოზარდია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი შემოგვემეტა სხვა კლასტერიდან. მისი წყარო უცნობია. ჩვენთან ერთ-ერთი ტაძრის მამაოს ჩაუტარდა ანალიზები და პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. დილით ტემპერატურა არ აქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.