ნუცუბიძეზე მომხდარი აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გაზგასამართი სადგრი თბილისის ცენტრში გუშინ საღამოს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. აფეთქების სიმძლავრემ ირგვლივ მდებარე კორპუსებიც დააზიანა. ყველაზე მეტად „ეკო გაზის“ მოპირდაპირედ მდებარე მშენებარე კორპუსი დაიზიანდა - მისი პირველი და მეორე სართული, ფაქტობრივად, განადგურებულია.
ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩიდან ამ სადგურის აღებას დიდი ხანი ითხოვდა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრა ეგონათ.
„კორპუსებს რაც შეეხება, ისეთი აშენებული თითქმის ნებისმიერი, რომ მანდ საფრთხე არ არის. ჩათვალეთ, რომ მიწისძვრის ვარიანტი იყო. რაც მთავარია მსხვერპლი არ არის“, - აცხადებს მოქალაქე.
გაზგასამართის გვერდით მცხოვრები პირი ამბობს, რომ აფეთქების შემდეგ მათ შესამოწმებლად არავინ მისულა.
„საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო, ოდნავ შეზანზარდა, ჩამსხვრევით არაფერი ჩამსხვრეულა. შესამოწმებლად არავინ მოსულა“, - აცხადებს ადგილობრივი.
„ფორმულა“ „ეკო გაზის“ დირექტორს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მისი თქმით, აფეთქდა კომპრესორი და არა გაზის საცავი ბაკი.
„კომპრესორი არ ფეთქდება ხოლმე და ახლა გარემოებებს ვსწავლობთ. ეს "კალონკა" აქ 2008 წელს აშენდა და ეს შენობები გუშინ აშენდა. ვიღაცეები რომ საუბრობენ, რომ თურმე ეს არ უნდა იყოს, საინტერესო ის არის, ესენი (კორპუსები) რატომ არიან. დაუდევრობა 2008 წლიდან, 2020 წელს მოვიდა 12 წლის მერე?"-აცხადებს „ეკო გაზის“ დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის პლატოზე გაზგასამართი სადგური გვიან ღამით აფეთქდა. დაშავდა ერთი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.