10 დღის წინ დაანონსებული ეკონომიკური სტიმულირების გეგმა ხელისუფლებამ გამოქვეყნებამდე გააუქმა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახლა ამის დრო არ არის და აქცენტის გადატანას სოციალურ პრობლემებზე აპირებენ. თუმცა ჯერჯერობით არც ისაა გარკვეული, როდისთვის იგეგმება ბიუჯეტის კორექტირება და სოციალურად დაუცველთათვის დახმარების პაკეტების შექმნა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა კრიზისულ ბიუჯეტზე მუშაობას იწყებს და ეკონომიკის სტიმულირებას მხოლოდ კრიზისის დასრულების შემდეგ გეგმავს.
ეკონომიკურ კატასტროფას პროგნოზირებენ დარგის სპეციალისტები. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ზომები საჭიროზე მეტად გაამკაცრა, რამაც შესაძლოა უმუშევართა რაოდენობა ორჯერ გაზარდოს და მცირე ბიზნესი გააკოტროს.
ჩიხში შესული ეკონომიკის ფონზე, გრძელდება ლარის კურსის დევალვაციაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს ვალუტის გამყარების ბერკეტები ამოეწურა და გაუფასურება გაგრძელდება, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.
სამოქმედო გეგმას სთავაზობს ხელისუფლებას ოპოზიცია. მათი განცხადებით, აუცილებელია ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადები გაუქმდეს, მოქალაქეებისთვის კი უფრო მეტი სოციალური პაკეტი შემუშავდეს.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდეა გამოცხადებული, თუმცა რა ფინანსურ ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, უცნობია. კრიზისული ბიუჯეტის შემუშავება ფინანსთა სამინისტროში ახლაც მიმდინარეობს.
პარლამენტს საგანგებო სხდომის ჩატარება, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დასამტკიცებლად მოუწევს. მაგრამ როდის დაასრულებს დოკუმენტზე მუშაობას ფინანსთა სამინისტრო და გადაუგზავნის საკანონმდებლო ორგანოს, უცნობია.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, გუშინ 21 მარტს გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა ეს გადაწყვეტილება ზუსტად ერთი თვით, 21 აპრილამდე დატოვა ძალაში. უცნობია გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის შემდეგ, მანამდე კი დოკუმენტის მიხედვით ამოქმედდა კონკრეტული შეზღუდვები. მათ შორის აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება.