დღის ბოლომდე მთავრობის გუნდმა პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის სტიმულირების გეგმა უნდა წარუდგინოს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, გეგის საკვანძო საკითხი ტურისტული ინდუსტრია იქნება.
"გეგმა იქნება კომპლექსური. ტურიზმი რა თქმა უნდა იქნება ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი, რადგან ეს ინდუსტრია არის ფრონტის ხაზზე მყოფი, რომელიც ზარალდება. ასევე ეს იქნება ქართული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გლობალურ გამოწვევას. ჯანმომ გამოაცხადა პანდემია მსოფლიო მასშტაბით და ეს აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე და საფინანსო ბაზრებზე. მაგალითად რუსეთში რუბლი 16-17% გაუფასურდა. ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში ნეგატიური მოლოდინების სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა“, - ამბობს თურნავა.
გარდა ამისა, ბიუჯეტის კორექტირება დააანონსა სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მან ასევე ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რო ეს ფაქტი მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებას უკავშირდება.
"შოკია მსოფლიოში. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ზარალდება ტურიზმის სექტორი. ყველაფერს გადაწყვიტავთ რა ხანგრძლივობის იქნება ეს პანდემია, ეს დღეები იყო შეხვედრები და ეკონომიკური გუნდი უნდა შევჯერდეთ, რა იქნება სექტორული პასუხი, რა იქნება მაკრო პასუხი, ფისკალური ან მონეტარული პოლიტიკის დონეზე. ალბათ, ძალიან მალე, ჩვენ გამოვალთ ბიუჯეტის კორექტირებით და გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები და მიგვაჩნია, რომ ესეც ერთ-ერთი სტიმულირების მექანიზმია", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა, გუნდს, ეკონომიკური სტიმულირების გეგმის შემუსავება დაავალა.