ეკონომისტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე მთავრობის რეაგირება დაგვიანებულია, რადგან ხელისუფლებას მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია 1 თვით ადრე ჰქონდა.
როგორც „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მთავრობა კერძო სექტორს დაეხმაროს და ასევე საერთაშორისო დახმარებების მოზიდვაზე იმუშაოს.
„იმედი მაქვს, მთავრობას ექნება კონკრეტული და ადეკვატური გეგმა, რადგან ეს პრობლემა დღეს არ გაჩენილა, 1 თვის წინ უკვე რეალურად ჩანდა, რომ კორონავირუსი საქართველოშიც შემოაღწევდა და ეს გარკვეულ ეკონომიკურ პრობლემებს შექმნიდა. შესაბამისად, სასურველი იყო, რომ აქამდეც ჰქონოდათ გეგმა და ჩვენ ეს გვცოდნოდა. ეს შეიძლება იყოს კერძო სექტორის, მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება, რადგან ტურისტულ სექტორში არსებულ სასტუმროებს, რესტორნებს, ასევე ტრანსპორტის ბიზნესს, ძალიან გაუჭირდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ იმუშაოს მათ შორის საერთაშორისო დახმარებების მოზიდვაზე“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ მთავრობის მხრიდან აქცენტის გაკეთება საბანკო სექტორზე არასწორია და ხელისუფლებას ურჩევს, შემოიღონ წესი, რომლითაც გადასახადების შემცირება იქნება შესაძლებელი.
„ჩემი აზრით, როდესაც ხელისუფლება აქცენტს აკეთებს საბანკო სისტემაზე და გამოსავალს ეძებს იმაში, რომ ბანკებმა კრედიტები გადაუვადონ, შეღავათი გაუწიონ და მსგავსი მოქმედებები განახორციელონ, ეს საფინანსო ინსტიტუტებს აყენებს საფრთხის წინაშე. უფრო სწორი გამოსავალი იქნება ის, რომ აქ ჩვენ უფრო ფისკალური პოლიტიკის ბერკეტები ჩავრთოთ და ვიფიქროთ გადასახადების შემცირებაზე. დაახლოებით 13 მილიარდამდე ბიუჯეტში 3-4 მილიონი ლარი მოიძებნება, რომელიც უბრალოდ იფანტება“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, მთავრობას მოუწიოს ბიუჯეტის კორექტირება, რადგან მოლოდინები, რომელიც დამტკიცების პერიოდში არსებობდა, ვერ სრულდება. სავარაუდოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართება პარლამენტში, სადაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დანიშნული.