ქართუ ჯგუფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გოგოლაძე პროკურატურაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის, ფრედი ვუდვორფის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული.
ელდარ გოგოლაძის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და პროკურატურაში გოგოლაძის დაბარებას 2020 წლის 25 ოქტომბერს მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს. სწორედ ამ ინტერვიუს გასვლიდან მალევე დაიწყო პროკურატურამ ფრედი ვუდროფის საქმის გადახედვა. ინტერვიუს დროს გოგოლაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის მოპოვების სქემებზე საუბრობდა. გარდა ამისა, გოგოლაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის ნება რომ იყოს, პირადი მტრების ფიზიკურ განადგურებაზეც არ დაიხევდა უკან.
"პროკურატურას, ამ ხელისუფლების პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 8 წლის განმავლობაში არ გასჩენია კითხვები ელდარ გოგოლაძის მიმართ. ჩნდება ეჭვი, რომ ის მთავარ არხზე სტუმრობის შემდეგ დაიბარეს", - აცხადებს საძაგლიშვილი.
ფრედი ვუდროფი თბილისის შემოსასვლელში 1993 წელს მანქანაში მაშინ მოკლეს, როდესაც შევარდნაძის დაცვის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან ერთად დედაქალაქში ბრუნდებოდა. მისი მკვლელობის საქმეზე მოქალაქე ანზორ შარმაიძე დააკავეს. მას 15 წელი მიუსაჯეს. შარმაიძე 2008 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ვუდროფის მკვლელობაში უდანაშაულოა. ის წლების განმავლობაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.