მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანების გასაჭირი და გააუქმოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომლის გავლაც მათ ზუგდიდში გადმოსვლის დროს უწევთ.
გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.
"მესმის, რომ რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას ეფექტურად ვერ ვაკონტროლებთ, გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს მიმოსვლის, თუმცა, ეს შეიძლება იყოს სწრაფი ტესტი ან მოინახოს ისეთი გამოსავალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდებს მოქალაქეებს". - ამბობს ელენე ხოშტარია.
გალში მცხოვრებლებს პენსიის და სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე მედიკამენტების და ზოგიერთი საკვები პროდუქტის შესაძენად ზუგდიდში უწევთ ჩასვლა.
იმის გამო, რომ გალი ფაქტობრივად ორმხრივად არის ჩაკეტილი, ისინი ამას შემოვლითი გზებით ცდილობენ, რაც გალელების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ვინაიდან საჭიროა ენგურის გადმოლახვა.
ელისო ჯანაშია, რომელთან ერთადაც ჩაატარა ბრიფინგი ელენე ხოშტარიამ, ყვება კონკრეტული ადამიანების მძიმე ამბებს.
"უამრავი ისტორია დაგროვდა, როგორ იტანჯებიან ასე გადმოსული ადამიანები. ზოგი წყალში ჩავარდა, წყალმა წაიღო და ძალიან შორს ამოიყვანეს, თვითონ ვერ ამოდიოდა.
ან გადასვლის დროს ბარგი დაკარგა.
პენსიონერი გადმოვიდა, აიღო დახმარება, უკან დაბრუნების დროს ღრმა წყალში შევიდა და პენსიაც და დახმარებაც წყალმა წაართვა, თვითონ ეს ქალიც ძლივს ამოიყვანეს.
სტუდენტები გადმოდიან, თავიანთი ლეპტოპები მოაქვთ, ტელეფონები, ტანსაცმელი. ამის კეთება უწევთ ღამით, რომ ოკუპანტმა არ დაიჭიროს. ღამით წყლის დინების სიძლიერეს ვერ ზომავ, სველდები.
დეკემბერში ჩემი ახლობელი, 21 წლის სტუდენტი გოგო გადმოვიდა. როცა გადმოვიდა, ვერ გათვალა, რამდენად ღრმა იყო წყალი, ბარგი დაკარგა, კომპიუტერი, ტელეფონი დაუსველდა. არავინ არ დახვდა იქ, სადაც მოდიოდა. სანამ ქალაქამდე მოვიდა, ფეხით 15 კილომეტრი გამოიარა დეკემბერში. ამას ყურადღებას არ აქცევს ჩვენი მთავრობა.
გარდა ამისა, ყოველდღიური საჭიროებებიც არის, აფთიაქები ცარიელია გალში. აგრობაზარი კვირაში ორჯერ მუშაობს და იქაც არ არის საკმარისი პროდუქტები. და წელიწადზე მეტია, ეს ადამიანები ჩაკეტილები არიან". - ამბობს ჯანაშია.
ელენე ხოშტარიას თქმით, მათ გალელებისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით პრემიერმინისტრსაც მიმართა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოთხოვნას არც კი უპასუხა.
"მინდა, მივმართო მთავრობას და საკოორდინაციო საბჭოს - არ შეიძლება ასე იგნორირებას უკეთებდე შენი ქვეყნის მოქალაქეების ამ მდგომარეობას". - ამბობს ხოშტარია.