ელექტროენერგიის ტარიფის გარდა, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის ტარიფიც გაიზარდა.
გაზრდილი ტარიფები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს დაამტკიცა.
თბილისში აბონენტებს, რომლებიც მრიცხველს იყენებენ, 1 კუბურ მეტრზე საფასური 17 თეთრით გაეზრდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ 33 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრის გადახდა მოუწევთ. აბონენტებს, რომლებიც გადასახადს სულადობრივად იხდიან, ტარიფი 63 თეთრით, 4.50 ლარამდე გაეზარდათ. გადასახადი 2 ლარით და 17 თეთრით გაიზარდა ბიზნეს სექტორისთვის. მათთვის წყლის საფასური 4.4 ლარის ნაცვლად, 6.5 ლარი გახდა.
სემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ.
"სამწუხაროდ მოხდა წყალმომარაგების ტარიფების ზრდა. ეს გამოწვეული იყო რამოდენიმე ძირითადი ფაქტორით. პირველი ფაქტორი როგორც ყველა სექტორს, წყალმომარაგების სექტორსაც დაასვა დაღი ახალმა კორონავირუსმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვერ მოხდა სათანადო მოცულობის სასმელი წყლის მიწოდება მომხმარებლისთვის და ამან სერიოზულად დააზიანა კომპანიები. მეორე სერიოზული ფაქტორი არი ის, რომ განხორციელდება მომავალი სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი ინვესტიციები. 166 მილიონი ლარის ინვესტიცია შეითანხმა კომისიამ", - განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.
ცნობისთვის, სემეკმა დღეს, 29 დეკემბერს, ელექტროენერგიის ტარიფიც გაზარდა. გაზრდილი ტარიფები იხილეთ აქ.