logo
ENG



ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

17 ივნ 202023:04
3 წუთის საკითხავი
 
c1ln3n758mpb25j.png

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. შესაბამის მემორანდუმს ისინი ხვალ გააფორმებენ.

ამ ეტაპზე მემორანდუმის ავტორები ღიად არ საუბრობენ იქნება თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, ან რას გულისხმობს ახალი პოლიტიკური პლატფორმა.

მემორანდუმს ხელს „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც მოაწერს. როგორც მხარეები აცხადებენ, მემორანდუმის ხელმომწერებს ამ დროისთვის არ აქვთ პოლიტიკური პარტიები, უფრო მეტი დეტალი კი, ხვალ გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ანა დოლიძე მოსალოდნელი პოლიტიკური აქტივობების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს. მათ განაცხადეს, რომ პოლიტიკაში ჩართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია, ამიტომ თუ დოლიძე ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. ამავე მიზეზით ანა დოლიძე მისმა კოლეგამ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც გააკრიტიკა.


close დახურვა